კასპის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, შიდა ქართლში მდინარე მტკვრის ორივე მხარეს, ზღვის დონიდან 560 მეტრზე და მოიცავს ლეხურის, თეძამის, კავთურის და ნაწილობრივ ქსნის ხეობებს.
მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ჩრდლოეთით აკრავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებანი, სამხრეთით - თრიალეთის ქედი. უმაღლესი მწვერვალია ობოლო კლდე (2080 მეტრი ზღვის დონიდან).
მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუპტროპიკული ჰავაა, ზაფხული გვალვიანია, გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები. საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 11.40,C0, შესაძლებელი მაქსიმუმია 38 C0, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი 5 C0. კასპის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთის, დასავლეთით გორის, სამხრეთით თეთრიწყაროს და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით - დუშეთის და ახალგორის მუნიციპალიტეტები.
1917 წლამდე, კასპი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1930 წლიდან ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. 1959 წლის ივნისიდან კასპი რაიონული დაქვემდებარების ქალაქია. მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 803,2 კვ.კმ. მუნიციპალიტეტში 17 ადმინისტრაციული ორგანოა, რომელშიც ერთი ქალაქი, 71 სოფელი და 60 ნასოფლარი შედის. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი, იგი ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. თბილისიდან დაცილებულია 56, ხოლო გორიდან 40 კოლომეტრით. მუნიციპალიტეტს, აღმოსავლეთიდან დასავლეთით კვეთს რესპუბლიკის მთავარი საავტომობილო (ავტობანი) და სარკინიგზო მაგისტრალი, რკინიგზის 4 სადგურით.
მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 51 829, მათ შორის ქალაქად 15 896, ხოლო სოფლად 35 933 კაცს.
არქეოლოგიური მასალა, უძველესი ნამოსახლარები და ნასახლარები, მატერილური კულტურის ძეგლები მოწმობენ, რომ კასპის ტერიტორიაზე ადამიანები უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან ცხოვრობდნენ. გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობის გამო იგი, ადრევე დაწინაურდა და ციხე-ქალაქად ითვლებოდა, მას დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ციხე-ქალაქი საკუთარი სპასალარი ჰყოლია და წარმოადგენდა გარკვეულ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულს. მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა.