ხაშურის მუნიციპალიტეტი ზღვის დონიდან 690 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 585,2 კმ2 და საქართველოს მთლიანი ფართობის 0,84 %-ს შეადგენს. აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება ქარელის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით საზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით და დასავლეთით - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. ხაშურის მუნიციპალიტეტის ფართობი - 585.2 კმ². მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთო სიგრძე 118 კილომეტრია. მანძილი დედაქალაქიდან ხაშურამდე 120 კმ, ხოლო რეგიონული ცენტრიდან 47 კმ. მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული.
ძირითადი მდინარეები არის მტკვარი და სურამულა, რომლებიც კვეთენ მუნიციპალიტეტს. მცენარეული საფარი მრავალფეროვანია სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრებული.
ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო გამგეობა. მუნიციპალიტეტში არის ერთი საქალაქო (ხაშური), ერთი სადაბო (სურამი) და 11 სასოფლო ადმინისტრაციული ერთეული (ალი, გომი, ოსიაური, ფლევი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ცხრამუხა, წაღვლი, წრომი, ხალები, ხცისი), რომელთა შემადგენლობაშიც კიდევ 84 სოფელი შედის. მოსახლეობა 65 ათასამდეა, მისი ძირითადი ნაწილი ქალაქსა და დაბაში ცხოვრობს.
მოსახლეობის უმარავლესობა ქართველები არიან, ცხოვრობენ აგრეთვე სომხები, ებრაელები, რუსები, ოსები, ბერძნები, უკრაინელები.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 1921 წლიდან ქალაქი ხაშურია. ქალაქის ტიპის დასახლებას ხაშურში საფუძველი XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩაეყარა, რასაც ხელი შეუწყო საქართველოში რკინიგზის გაყვანამ. მთავარი სარკინიგზო ხაზი ფოთი-თბილისი, ხაშურის ტერიტორიაზე გადიოდა. აქვე გაიხსნა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებიც ერთ-ერთ დიდ საწარმოებს წარმოადგენდა ამიერკავკასიის მასშტაბით. ამ პერიოდიდან ხაშური რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს.
ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტს ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ვინაიდან ის მდებარეობს აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს გზაგასაყარზე.
მუნიციპალიტეტის სამრეწველო საწარმოები ძირითადად თავმოყრილია ქალაქ ხაშურში. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მემინდვრეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიზნესსექტორი ძირითადად წარმოდგენილია სამშენებლო ორგანიზაციების, სამრეწველო ორგანიზაციებისა და მსხვილი ფერმერული ორგანიზაციების სახით.
მუნიციპალიტეტში 32 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, მუშაობს ბიბლიოთეკები, თოჯინების თეატრი და 3 მუზეუმი.
ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებია: სურამის ციხე, წრომის ტაძარი, სურამის წმინდა გიორგის ტაძარი, კვირაცხოვლის ეკლესია, წაღვლის და წრომის ნასოფლარები და სხვა.