შიდა ქართლის ჩრდილოეთით და სამხრეთით კავკასიონისა და თრიალეთის მაღალი ქედებია, რომელთა მტკვრისაკენ დაშვებული განშტოებები ზეგნებს ქმნიან. გაღმამხარის მდინარეები — ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე ვაკეებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონისა და მუხნარის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეთა უმრავლესობა უძველეს დროიდანაა გამოყენებული სარწყავად.
მდინარე აღმოსავლეთ ფრონედან მდინარე არაგვამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ გაწოლილია კვერნაქის სერი. მისი სამხრეთი ფერდობის ფლატეებსა და ქარაფებში გამოქვაბულებია. კვერნაქის სერის სამხრეთით, მტკვრის პირას მდებარეობს აშურიანის ველი, რომელსაც უძველესი დროიდან საზამთრო საძოვრად იყენებდნენ. შრომის გარკვეული ორგანიზაციის საფუძველზე შიდა ქართლის ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.