გუშინ, გვიან ღამით, კასპში, მიწის მასის ჩამოშლით გამოწვეული რისკების თავიდან აცილების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფების დახმარებით, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული რეზერვუარი წყლისგან დაცალა.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და პოლიციის ეკიპაჟები. პროცესებში დაუყოვნებლივ ჩაერთო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც.
შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრები 10 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, წყალმომარაგება მოსახლეობის ნაწილს დროებით შეეზღუდა. კომპანია ადგილობივებს წყალს წყალმზიდების საშუალებით დილიდან აწვდის. ამჟამად, მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კასპის მოსახლეობას წყლის მიწოდება უმოკლეს ვადებში აღდგება.
მიწის ჩამოშლის მიზეზებს გეოლოგები და დარგის ექსპერტები სწავლობენ.