საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს ახალი საჯარო სკოლა ექნება
12 მარტი 2021
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში ახალი საჯარო სკოლა შენდება. სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერა. ამჟამად ადგილზე ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობს.
90 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ასევე, მოეწყობა ეზო და სპორტული მოედანი. სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი კი მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
,,მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის საგანმანათლებლო მიმართულებით. ადგილობრივი მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ მეზობელი სოფლის სკოლით უწევთ სარგებლობა. განახლებულ სასწავლო წელს კი ახალ სკოლაში გააგრძელებენ.“ - აღნიშნა სიმონ გულედანმა.