ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა ტყემალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები და კომპანია "ჯითის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს 49 მუნიციპალიტეტში, მათ შორის შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა, მათი ჯამური ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ახალი ნაგავმზიდების შეძენა. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპმა“ 48 ერთეული ნაგავმზიდი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. პროცესი გრძელდება და მომდევნო თვეების განმავლობაში ტექნიკა ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში.
ნაგავმზიდები სხვადასხვა წარმადობისა და სხვადასხვა რელიეფისთვის არის განკუთვნილი, მათ შორის აღსანიშნავია მძიმე პირობებისთვის გათვლილი 4X4-ზე ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელია მსგავსი ტიპის სატვირთო ავტომობილების გამოყენება, რათა მათ ყველა სეზონსა და ყველა კლიმატურ პირობებში შეძლონ ოპერირება.