პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმი
27 მაისი 2015
პროფესიულ ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელების შთამომავლები.
ფორუმი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც მიმართეს, გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და დელეგაციების ხელმძღვანელებიც.
ღონისძიების გახსნის ცერემონიის შემდეგ ფორუმი დაიყო შვიდ სამუშაო ჯგუფად, აღნიშნულ ჯგუფებში სამშობლოში ჩამოსულმა სპეციალისტებმა, საქართველოში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, იმსჯელეს საკუთარი დარგის განვითარებაზე. ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ეფექტური თანამშრომლობის გზებზე. თემატურ ჯგუფებში მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია და დებატები, რათა გამოკვეთილიყო დიასპორის ინიციატივები როგორც მოკლევადიან, ასევე პრობლემათა გადაჭრის ფართომასშტაბური, მდგრადი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, რასაც სამომავლოდ ხელშესახები შედეგები მოჰყვება.