შიდა ქართლში მოყვანილი ვაშლის მოსავლის ეფექტური რეალიზაციის შესაძლებლობებს შიდა ქართლის გუბერნატორი - გიორგი ხოჯევანიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - გიორგი ხანიშვილი პირადად გაეცნენ. მათ ადგილზე მოინახულეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „ხილარი“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში შეიქმნა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, საწარმომ 185 000 ლარით ისარგებლა.
საწარმოში, სადაც სეზონზე 55 ადგილობრივია დასაქმებული, წლიურად 15 000 ტონა ვაშლი გადამუშავდება. პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე გერმანიაში გადის. წლევანდელ სეზონზე საწარმომ უკვე მიიღო 5 000 ტონა ვაშლი და 10 000 ტონის ჩაბარებას კიდევ გეგმავს, რაც ადგილობრივებს მიღებული მოსავლის რეალიზებაში ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი კიდევ ერთი საწარმო - „ბიოჯუსი“ მოქმედებს, რომელშიც, ჯამში, 1 500 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. საწარმომ 600 000 ლარი გრანტის, ხოლო 710 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის სახით მიიღო.
აღნიშნული საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - გიორგი ხანიშვილმა, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან - რევაზ ასათიანთან და შიდა-ქართლის გუბერნატორთან - გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გახსნა და ვაშლის ჩაბარების პროცესს გაეცნო. საწარმოში წელიწადში 300 ტონაზე მეტი ხილი გადამუშავდება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. დაგეგმილია გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტზე გატანაც. საწარმომ წლევანდელ სეზონზე უკვე ჩაიბარა 35 ტონა ვაშლი და კიდევ 265 ტონის ჩაბარებას გეგმავს. გადამამუშავებელ საწარმოში სეზონურად 20 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანიაში, მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - ISO 22:000 დაინერგა.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერით, გადაიარაღებულია 880-ზე მეტი საწარმო. აქედან, 40-მდე საწარმო გადამამუშავებელია, სადაც ფერმერებს ვაშლის ჩაბარება შეუძლიათ.