პროექტი ,,დაგვანახე შენი სოფელი“ დასრულდა და დაჯილდოების ღონისძიება ხაშურში, სწორედ იმ ადგილას მოეწყო, სადაც ტაო-კლარჯეთში მდებარე ტაძრის ანალოგის - ახალი ბანას მშენებლობა მიმდინარეობს. გამარჯვებული ვიდეოს ავტორები ოთხივე მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდნენ, რომელთაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ასევე, სამახსოვრო საჩუქრები ფინალურ ეტაპზე გადასულ თორმეტი კლიპის ავტორსაც გადაეცათ. საბოლოოდ კი თითოეული ვიდეოს მიხედვით საიმიჯო ვიდეო რგოლი მომზადდება.
დაჯილდოების ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები, მერების მოადგილეები, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი, მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის ხელმძღვანელები, პროექტის იდეის ავტორი და პროექტის მონაწილეები მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ.
,,მიხარია, რომ პროექტი შედგა, მითუმეტეს, ასეთი წარმატებით, როგორც ვიცი კონკურსს თითქმის ყველა ასაკის მონაწილე ჰყავდა. შიდა ქართლში ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი ადგილი გვაქვს, რასაც ნამდვილად სჭირდება წარმოჩენა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა თავისი ისტორიითა თუ ტრადიციებით.“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ტაძრის საძირკველი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გასულ წელს აკურთხა. ბანა ისტორიულ ტაოში მდებარეობს. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული. ბანას ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთადერთი მრგვალი ქართული ტაძარია და VII საუკუნით თარიღდება.