სოფელ ფლევში ახლადაშენებული საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად როსტომაშვილი, პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყება მიულოცეს.
თანამედროვე ტიპის ორსართულიანი შენობა, რომლის მშენებლობაზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, 120 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობა ევროსტანდარტების მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, რომელიც აღიჭურვა თანამედროვე სასკოლო ინვენტარით, მოეწყო ღია და დახურული სპორტული მოედნები. სკოლაში ფუნქციონირებს ცალკე მდგომი სპორტული დარბაზი და გარე სპორტული მოედანი.