გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ ხილი, ღვინო და ჭაჭა, ასევე, ყურძნის წურვის, ჩურჩხელებისა და ხელნაკეთი ნივთების მომზადების პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. გორის გარდა დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო კასპის, ქარელის, ხაშურის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტების კუთხეებიც.
კირიონ II-ისა და გოგებაშვილის ქუჩებზე კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„გორის დღის“ დღესასწაულზე ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანი გახდა.
საპატიო მოქალაქეები მეუფე ანდრიამ, მეუფე ისაიამ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიალი კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც გორის ქალთა კამერული გუნდი, გორის გოგონათა გუნდი და ანსამბლი „გორი“ მონაწილეობდნენ.
"გორის დღე 2019" ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე გალა - კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა