ღია შეხვედრების ფარგლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრთან თემურ ხუბულურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - დიდი და პატარა გორიჯვრის, უფლისციხის, ქვახვრელისა და ხიდისთავის მაცხოვრებლებს შეხვდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში და კერძოდ, აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტებს შეეხო.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები საჭირო და აუცილებელია, რათა სამომავლო პროექტები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დაიგეგმოს.
,,ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს ადგილობრივებთან, რათა მიზანმიმართულად და სწორად დავგეგმოთ სამომავლო პროექტები. ასევე, შეხვედრებზე ჟღერდება ისეთი საკითხებიც, რისი გადაჭრაც მინიმალურ დროშია შესაძლებელი." - აღნიშნა რწმუნებულმა.
შეხვედრის პარალელურად, პატარა და დიდი გორიჯვრის მაცხოვრებლებს საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად საჩუქრები გადაეცათ.