შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს უმასპინძლა. შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე დაესწრნენ. ელჩის ვიზიტის მიზანს შიდა ქართლის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის, არსებული გამოწვევებისა და მიღწევების გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მოგვიანებით, ისრაელის ელჩმა გორის №1 და №9 საჯარო სკოლები მოინახულა, სადაც საელჩოს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით ,,შალომ კლუბ გურიასა“ და ,,შალომ კლუბ შიდა ქართლთან“ ერთად პროექტი „სუფთა წყალი ბავშვებს“ განხორციელდა, რაც სკოლებში ისრაელის მაღალტექნოლოგიური მემბრანული სისტემით აღჭურვილი სასმელი წყლის გასაფილტრი ინოვაციური დანადგარის NAF 250 დამონტაჟებას გულისხმობს. რან გიდორის თქმით, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა და მათი პედაგოგების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. ,,მადლობას ვუხდი ისრაელის საელჩოს და პირადად ელჩს პარტნიორობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს. დღეს შეხვედრაზე არაერთი საინტერესო ინიციატივა განვიხილეთ და ვფიქრობ, სამომავლოდ შედეგზე ორიენტირებულ პროექტებს განვახორციელებთ.“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
დღესვე, ელჩი გორში გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნოსაც ეწვია და ოსტატის ნაკეთობები დაათვალიერა.