მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიება - საავტომობილო ტური „მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ შიდა ქართლში
22 აგვისტო 2014
საავტომობილო ტური „მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიებაა, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში (ისტორიულად აბრეშუმის გზის სათავე) აიღო. საავტომობილო ტურის ინიციატორი ჩინეთის საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროები არიან. ღონისძიებაში მონაწილეობენ ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტ გამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობილი ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები. ისინი ყველა ქვეყანაში მოამზადებენ საინფორმაციო მასალას (რეპორტაჟები, ინტერვიუები, სტატიები, პირდაპირი ტელეჩართვები და ა.შ.), რომლებიც ჩინურენოვან მოსახლეობას მიეწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ დელეგაციას ახლავს ცნობილი ჩინელი პროფესორი აბრეშუმის გზის შესახებ ისტორიულ საკითხებში და ასევე ისტორიული ოჯახის წარმომადგენელი, რომლის წინაპარსაც მიეწერება ჩინეთისათვის დასავლეთით სავაჭრო გზების გაკვლევა. ეს გზა შემდგომში ცნობილ „აბრეშუმის გზად“ იქცა.
ექსპედიციის მონაწილეების „აბრეშუმის გზის“ მარშრუტი ასეთია - ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია. ეს არის მასშტაბური ეკონომიკურ-კულტურული ექსპედიცია, რომლის მიზანია „აბრეშუმის გზის“ ქვეყნების ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურისტული, კულტურული და ისტორიული მდგომარეობის გაცნობა ჩინეთის მოსახლეობისთვის (პირდაპირი ჩართვების, საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებისა და ჩანაწერების საშუალებით). ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს შორის დელეგაცია საქართველოში ყველაზე დიდხანს, 4 დღეს გაჩერდება და 24 აგვისტოს გაემგზავრება თურქეთის მიმართულებით.
ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში შემდეგ მარშრუტს გაივლიან - ლარსი-სტეფანწმინდა-თბილისი-მცხეთა-უფლისციხე-ქუთაისი-ბათუმი-სარფი. ტურის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, საქართველოს ღირშესანიშნაობების დათვალიერება და ა.შ. ამასთან, დაგეგმილია სპეციალური ინტერვიუები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თავდაპირველად წლევანდელ პროექტში, საქართველო არ მოისაზრებოდა და მარშრუტი ქ. სოჭის გავლით, საქართველოს გვერდის ავლით, საზღვაო ბორანების მეშვეობით მიემართებოდა თურქეთისკენ. თუმცა, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, კომპანია „ჰუალინგ ჯგუფის“ და მისი ხელმძღვანელობის მცდელობით, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის შემდეგ მარშრუტი შეიცვალა და საქართველო პროექტის ფარგლებში ჩაჯდა. „მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობაა ჩინურენოვან მოსახლეობაში პოპულარიზაციისათვის - აქამდე უპრეცედენტოდ ფართო მასშტაბით მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული შესაძლებლობების გაშუქება თავად წამყვანი ჩინელი ჟურნალისტების მიერ.
„მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ გაგრძელდება მომავალი ექვსი წლის განმავლობაში და ყოველწლიურად შეიცვლება ექსპედიციის შემადგენლობა, ჩამოვლენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.