გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში შენობა სრულად განახლდა, გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, მოეწყო კომუნიკაციები და აღიჭურვა ახალი ინვენტარით. გარდა ამისა, მოწესრიგდა ეზო და მოიხატა შენობის ფასადი. საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. განახლებული ბაღი 200 ბავშვზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
,,სოფელ ხელთუბანში მცხოვრებ პატარებს დღეიდან ახალი საბავშვო ბაღი მოემსახურება. ამიერიდან, ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები სასწავლო პროცესს კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ ჯანსაღი და კომფორტული გარემო. აღსანიშნავა, რომ საბავშვო ბაღი 200-ზე მეტ ბავშვზეა გათვლილი და 8 ჯგუფი იფუნქციონირებს. ხელთუბნის საბავშო ბაღის გარდა, შიდა ქართლის რეგიონში წელს კიდევ 5 საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება.“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
ხელთუბნის განახლებული საბავშვო ბაღში ადგილობრივ პატარებთან ერთად სოფელ თორტიზაში მცხოვრებ ბავშვებსაც მოემსახურება. ამ დრომდე კი ბაღის 3 ჯგუფი დროებით ფართში ფუნქციონირებდა.