"ხაშურქალაქობის" საზეიმო ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციაში აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხაშურთან დამეგობრებული ქალაქებიდან - ბაუსკას, რადვილიშკისისა და ობუხოვის დელეგაციები დაესწრნენ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრებისა და მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
შეკრებილ მოსახლეობას შიდა ქართლის რწმუნებულმა მიულოცა. "ძვირფასო ხაშურელებო, გილოცავთ ხაშურქალაქობას. მოხარული ვარ, რომ პირადად მაქვს მოლოცვისა და ამ დღის თქვენთან ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა. მინდა მივესალმო ღონისძიებაზე მოსულ თითოეულ სტუმარს და ასევე, ჩვენს მეგობრებს ლიტვიდან, ლიეტუვიდან და უკრაინიდან. ხაშური არამხოლოდ ჩვენი რეგიონის, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია, თავისი ისტორიით, მრავალფეროვენებით, ტრადიციებით, საინტერესო ადამიანებითა და შესაძლებლობებით. სწორედ ხაშურში შენდება ტაო-კლარჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლის ანალოგი - ახალი ბანა, რომელიც არამხოლოდ ტაძარი, არამედ საგანმანათლებლო ცენტრი იქნება.
აქვეა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კურორტი - სურამი. ამ ქალაქს დიდი შესაძლებლობები აქვს. ჩემი წინა სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე წარმენიმე წელი ვიცხოვრე ხაშურში და მერწმუნეთ, ნამდვილად კარგად ვიცი თუ რა პერსპექტივა გააჩნია. მთავარია, სათანადოდ გვიყვარდეს, ვაფასებდეთ და ენერგიას არ ვიშურებდეთ მისი განვითარებისთვის. შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად დაუღალავად იმუშაოს თქვენს საკეთილდღეოდ და თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, არაერთი საჭირო პროექტი განახორციელოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ "ხაშურქალაქობას". - მიმართა მხარის რწმუნებულმა.
"ხაშურქალაქობის" ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა.