გორის მუნციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში პროექტის - ,,მამოგრაფიული სერვისის უზრუნველყოფა“ პრეზენტაცია გაიმართა. იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით კიბოს მობილური სკრინინგ ცენტრი ჩამოყალიბდა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება. ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და სხვადასხვა სახის კვლევები ადგილზე ჩაიტარონ.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში იშიზუკა ჰიდეკი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შიდა ქართლის ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და UNDP-ის წარმომადგენლები დაესწნენ.
"იაპონიის საელჩოსთან მრავალი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ და პარტნიორობის კარგი გამოცდილებაც გვაქვს. ცოტა ხნის წინ, საგრანტო პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ამბულატორია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა. დღეს კი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება, მითუფრო, როდესაც საქმე საოკუპაციო ხაზის სოფლებს და აქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს ეხება. ვიმედოვნებ, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომოლობას და ჩვენი მოსახლეობისთვის არაერთ საჭირო პროექტს ერთობლივად განვახორციელებთ." - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.
მობილური კლინიკა სოფლებში წინასწარი განრიგის მიხედვით იმოძრავებს.