მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა გააცნეს. აღსანიშნავია, რომ 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ შეუძლია წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 მარტამდე. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.
"აწარმოე საქართველოში" - პროგრამის პრეზენტაცია გორში
18 თებერვალი 2016