საქართველოში დაგეგმილი ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის თასი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს. ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო პირველად ქალაქ გორში ჩამოიტანეს. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში სპეციალური ღონისძიება ქ. გორის ტურიზმის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ევროპის ჩემპიონატის ელჩი, ზურაბ ხიზანიშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თასს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩაიტანენ. 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები 2-15 ივლისს თბილისსა და გორში გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რვა ნაკრები იბრძოლებს.