ხაშურში მიმდინარე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულისთვის დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს გარე პერიმეტრის მოწყობა, რაც თავის მხრივ მოიცავს მინი საფეხბურთო სტადიონისა და ჩოგბურთის მოედნის მშენებლობას. ასევე, სკვერისა და პარკინგის განთავსებას. დღეს, სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საკალათბურთო/სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. ეწყობა მცირე საკონფერენციო დარბაზი და კაფე/სასადილო. შენობაში განთავსდება 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმროც. სპორტული კომპლექსი ყველათანამედროვე სტანდარტს უპასუხებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
ხაშურის სპორტული კომპლექსის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
31 იანვარი 2018