გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. დღეს, გორის სპორტის სასახლის სარემონტო სამუშაოების ფინალური ეტაპი კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, მშენებელი კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“ პრეზიდენტმა და მფლობელმა, პოლ კანინგემმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ჟურნალისტები.
სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარს შეადგენს. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა - 500, ხოლო ბათუმში დიდი დარბაზი 2 500, პატარა 500 მაყურებელზეა გათვლილი. სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერებიც მოეწყობა.
მაღალტექნოლოგიური ენერგოეფექტური თანამედროვე სპორტული ობიექტები კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“ მიერ შენდება, რომელიც წარმოადგენს ფართომალიანი ნაგებობების უმსხვილეს მწარმოებელს კანადაში. ბეჰლენსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პროექტი დაფინანსდა ბეჰლენის მიერ, რომელმაც პროექტისთვის საჭირო გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი თავად უზრუნველყო.