ფეხბურთის ტურნირი დიცში
19 მარტი 2014
მინი-ფეხბურთის ტურნირი „იმედი"-ს თასზე დიცის, არბოს, ერგნეთის, ქორდის, ხვითის, ნიქოზის, ბერშუეთის და დვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის გაიმართა. ტურნირის ჩატარების მიზანი ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, პერსპექტიული ფეხბურთელების გამოვლენა და საფეხბურთო ცხოვრებაში ჩაბმა იყო.
შეჯიბრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით პროექტის „ღია სკოლები სახალისო ფეხბურთი"-ს ფარგლებში ჩატარდა. ორდღიანი ტურნირის გამარჯვებული 19 მარტს გამოვლინდა. ხვითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბერშუელი თანატოლები 2:1 დაამარცხეს და ჩემპიონისთვის კუთვნილი თასიც ჩაიბარეს. ფინალამდე გამართული მესამე ადგილისთვის მატჩში კი დიცის სკოლის გუნდმა არბოს საჯარო სკოლის გუნდს აჯობა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. თერთმეტმეტრიანებში უფრო ზუსტები დიცელები გამოდგნენ.
ჩემპიონ-პრიზიორ გუნდებს თასები, მედლები და ტურნირზე დაწესებული სხვადასხვა პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.