0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სამხარეო ადმინისტრაციაში კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სამხარეო ადმინისტრაციაში კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
28 იანვარი 2019

შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ორივე მუნიციპალიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია - განიხილეს მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტთან დაკავშირებული პროექტები, მათი ეფექტიანად განხორციელების გზები და მოსალოდნელი შედეგები.

წელს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანსა და სასირეთში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება, მოასფალტდება სოფელ თელადგორთან მისასვლელი გზა, სადგურ მეტეხის დასახლებასა და სოფელ გრაკალში აშენდება ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მიმდინარე წელსვე დასრულდება პროფესიული სასწავლებლისა და ტექნოპარკის მშენებლობა.

გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სოფელ მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, კარალეთის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია, გორში - ელექტროფიკაციის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, სოფელ ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, სოფელ მეჯვრისხევსა და თედოწმინდაში სკოლების მშენებლობა, სოფელ შინდისში გარეგანათების მოწყობა და სოფელ ხიდისთავში სპორტული მოედნის მშენებლობა. წლის ბოლოს დასრულდება ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობაც.

,,ჩვენი შეხვედრების მიზანს დაგეგმილი პროექტების დეტალურად განხილვა წარმოადგენს, რათა განხორციელების ეტაპზე ყველა რისკ-ფაქტორი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ასევე, ერთობლივი მუშაობის პროცესი და ჩვენი მოსაზრებების ერთმანეთისთვის გაზიარება ხელს შეუწყობს დაგეგმილი ღონისძიებების კიდევ უფრო ეფექტიანად შესრულებას. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, თითოეულმა განხორციელებულმა პროექტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მოსახლეობის პირობები და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გარემო“, - აღნიშნა რწმუნებულმა.

გარდა ამისა, გორსა და კასპში ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მშენებლობა დაიწყება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტულ სეგმენტში მომსახურების გაუმჯობესებას და შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას.


Top