ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე დაბა სურამში დღეს ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმეტს ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და ორგანიზაცია „ურბანიკას“ წარმომადგენელმა ირაკლი მურღულიამ მოაწერეს.
შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსის საფუძველზე გამარჯვებული კომპანია შეიმუშავებს სურამის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის პროექტებს, რაც სურამის ეფექტიანად განვითარებას უზრუნველყოფს. „ურბანიკა“ ასევე მოამზადებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტულად გასათვალისწინებელი საკითხებია - საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, ე. წ. ბრაუნფილდის - არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა.