უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაბა სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა მათი საშიში ზონიდან გაყვანა. სურამის გარდა, მეწყრული პროცესი განვითარდა ქვიშხეთშიც.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან თენგიზ ჩიტიაშვილთან ერთად დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო.
გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებული არიან მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. დილიდანვე დაიწყო გეოლოგიური სამსახურის მიერ მეწყრული პროცესების შესწავლა, რომლებიც კვალიფიციურად შეაფასებენ როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს. გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგომ კი შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს შემჭიდროებულ ვადებში.