შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით გორის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერიებმა ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა შპს „პსპ ფარმასთან“, სს „გეფასთან“, შპს „იმპექსფარმთან“ და შპს „ავერსი-ფარმასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას და დახმარების მიმღებთათვის მედიკამენტების მიწოდების უზრუნველყოფას ყოველდღიური შეღავათიანი ტარიფებით. აღსანიშნავია, რომ აქამდე მერიის მიერ მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარები აფთიაქების ქსელში ფასდაკლების უპირატესობით არ სარგებლობდნენ.
,,სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით რეგიონის სამმა მუნიციპალიტეტმა ფარმაცევტულ კომპანიებთან მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში, მერიების სოციალური პაკეტებით მოსარგებლე მოსახლეობას საშუალება ექნება კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლებით შეიძინონ საჭირო მედიკამენტები. გარდა ამისა, პრემიერის ინიციატივით, თურქეთიდან შემოსული 45-მდე მედიკამენტის ყიდვა მოსახლეობას საგრძნობლად დაბალ ფასში შეუძლიათ შეიძინონ“ - აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ.