„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა კასპში „საპარტნიორო ფონდისა“ და 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ ერთობლივი პროექტის, აგურის ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კერამიკული პროდუქციის საწარმოს მშენებლობა „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ მონაწილეობით ხორციელდება. ასევე, პროექტში ჩართულები არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“. მშენებლობისას კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სააგურე თიხის კარიერები გამოიყენება. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია.
შენობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის მთლიანად დასრულება აპრილში იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს ესპანეთში მდებარე ქარხნის დემონტაჟი და იგეგმება მისი ტრანსპორტირება საქართველოში.
ქარხანა პირველ სამშენებელო და მოსაპირკეთებელ მასალას შემოდგომაზე შესთავაზებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.