უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მერიების კეთილმოწყობის სამსახურები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქების - გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებენ. სპეციალური პრეპარატით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, დეზინფექცია უტარდება, ქუჩებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ღონისძიებების მიმდინარეობას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი კასპში დაესწრო.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.