0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

პრემიერ-მინისტრის სტუმრობა შიდა ქართლში
12 მაისი 2014

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადგილობრივი საწარმოების განვითარება არის საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ეკონომიკის ნომერ პირველი ამოცანა, თითოეული ამგვარი საწარმო კი არის ყველაზე კარგი მაგალითი მეწარმეებისათვის, რათა მათ დააბანდონ თანხა სოფლის მეურნეობაში, დაასაქმონ ხალხი, აწარმოონ ნამდვილი ქართული პროდუქცია, წვლილი შეიტანონ ქართული ეკონომიკის აღორძინებაში, შექმნან დაცული ბიზნესი და ნახონ მოგება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა. რის შემდეგაც მთავრობის წარმომადგენლები ფერმის მფლობელებს და მეურნეობაში დასაქმებულებს გაესაუბრნენ. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენებმა, ტარიელ და დავით რობანიშვილებმა სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს და აღნიშნული ინვესტიცია განახორციელეს. როგორც პრერმიერმა აღნიშნა ინვესტიცია, რომელიც 4 მილიონ ლარს აჭარბებს, აგროსექტორის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს, მეურნეობაში დასაქმებულნი არიან ადგილობრივები, რომლებიც სტაბილურ შემოსავალთან ერთად სამუშაო გამოცდილებასაც იღებენ. მთავრობის მეთაურმა ინვესტიციის ფარგლებში მოწყობილ სასაწყობე მეურნეობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის მოსავლის დაბინავება-რეაბილიტაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს, ვინაიდან პირდაპირ კავშირშია მოსავლის ხარისხის და საექსპორტო ღირებულებასთან. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 30 ადგილობრივი, ხოლო სეზონურად, დასაქმებულთა რიცხვი 100-მდე იზრდება. პრემიერი გუბერნატორთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში ტირიფონისა და სალთვისის საირიგაციო რეაბილიტაციის პროცესაც გაეცნო. ტირიფონისა და სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტზე, რომლის ღირებულებაც 14 მილიონ ლარს აჭარბებს, ასამდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ომისგან დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. პრემიერის შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტები უდიდესი მხარდაჭერაა ე.წ საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთათვის, რომლებიც ბევრი სირთულის მიუხედავად თავიანთ მეურნეობას ინარჩუნებენ. "შარშან სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირება მოახდინა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელს ვაშლის სუბსიდირება განვახორციელოთ" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში მოსახლეობასთან შეხვედრისას. ამ შეხვედრას გუბერნატორთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფიაც ესწრებოდა. სტუმრებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, მათ ძირითადად გაზიფიცირების პრობლემა, ხიდების, ასევე დაწყებითი სკოლის რებილიტაციის საკითხები აწუხებთ. ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს რეგიონში მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და ხელისუფლების უახლოეს გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. პრემიერის ინფორმაციით, რეგიონში გარემონტდა ამბულატორიები, სოფელ ტყვიავში კი უახლოეს მომავალში ახალი საავადმყოფო აშენდება. პრემიერი სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ შიდა ქართლში 2014 წელს 75 ათასამდე მცირემიწიანი ფერმერი 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო დახმარებას მიიღებს. ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, 2013 წელს შიდა ქართლში გაიწმინდა და მოწესრიგდა საირიგაციო არხები, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის სამუშაოების ფარგლებში კი მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდა. მთავრობის მეთაურმა წყალმომარაგების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქსელის რეაბილიტაცია ყველა რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს, რის შედეგადაც მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრი გუბერნატორთან ერთად გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრასაც დაესწრო და ამომრჩეველს კოალიცია "ქართული ოცნების" გორის მერობის და შიდა ქართლის გამგებლების კანდიდატები წარუდგინა. კოალიცია "ქართულ ოცნების" გორის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი იქნება, რაც შეეხება გამგებლის კანდიდატურებს, ხაშურის რაიონში წარდგენილია - გიორგი გურასპაშვილი, კასპში - გოჩა გოჩიტაშვილი, გორში - დავით ონიაშვილი, ქარელში ზაზა გულიაშვილი. "დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვეთ. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო და დემოკრატიული, ისეთივე მშვიდი, როგორც წინა საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველანი მოხვიდეთ არჩევნებზე''- განაცხადი ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

Top