ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნაბახტევში, სავანისუბანსა და რუსაანთუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. ნაბახტევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება. ჯამში, 3 კილომეტრზე მეტი გზის საფარი მოეწყობა, რაზეც 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. სავანისუბნისა და რუსაანთუბნის გზების რეაბილიტაცია კი მიმდინარე წელს დასრულდება. სავანისუბანში 1 640 გრძივი მეტრი, ხოლო რუსაანთუბანში 1 120 გრძივი მეტრი გზის საფარი დაიგება. ორივე პროექტზე, ჯამში, მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული. როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, სიმონ გულედანმა ობიექტების მონახულებისას აღნიშნა, ხაშურის მუნიციპალიტეტში წელს არაერთი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უკვე დავასრულეთ გზების მოწყობის სამუშაოები, მაგალითად ქინძათში, დუმაცხოვოში, ტაშისკარში, გრძელდება ნაბახტევის, სავანისუბნისა და რუსაანთუბნის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ნაბახტევის გზის რეაბილიტაციის პროექტი გარდამავალია, პირველი ეტაპი აგვისტოში დასრულდება. რუსაანთუბანში კი, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ბეტონის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საცხოვრებელ პირობებს.“ - აღნიშნა რწმუნებულის პირველმა მოადგილემ.
ნაბახტევში, სავანისუბანსა და რუსაანთუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
05 ივლისი 2021