საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანი, შიდა ქართლის სახელმწიფრო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც 2008 წლის 11 აგვისტოს, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის გარდაცვლილთა ხსოვნას. 13 წლის წინ 17 შინდისელმა გმირმა უთანასწორო ბრძოლაში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თავგანწირვისა და გმირობის ისტორია შექმნა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.