გორში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი ახვლედიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გორში, დროში აღმართვის ცერემონიას დაესწრო.
,,მინდა ყველას მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1918 წლის 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან კი ჩვენი ქვეყნის არჩევანია ვიცხოვროთ ერთიან, დემოკრატიულ და ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში. ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღიურ ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რადგან უკეთესი მომავალი და კეთილდღეობა თავადვე უნდა შევქმნათ.“ -აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
გორის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ არაერთ სახალისო აქტივობაში. წარმოდგენილი იყო თემატური ინსტალაციები, ციფრული კუბი, საბავშვო გასართობი სივრცეები, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი მეწარმეებისა და სამხედრო ტექნიკის გამოფენები და სხვა.
17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა.
საზეიმო ღონისძიებები კი გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მსმენელს ბენდი „ნიუტონი“, სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, გიორგი ცხადაძე, ანდრია გველესიანი, ომა ფავორი, ქრისტინე ჯაფარიძე და ჯგუფი „KILLAGES“ უმასპინძლებენ.