მეათე საკოორდინაციო შეხვედრა შიდა ქართლის ადმინისტრაციის დარბაზში
10 მარტი 2015
შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უფროსმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, ანეტა პიატეკიმ გახსნა. შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა გამყოფი ხაზის მიმდებარე სახლების სახურავების შესაკეთებლად დახმარების საჭიროებებზე და გუბერნიის გეგმებსა და პროექტებზე, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე. შიდა ქართლში მცხოვრები დევნილებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და პრივატიზაციის პროცესის შესახებ შეხვედრაზე მცირე მოხსენებით წარსდგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გორის ოფისის წარმომადგენელი თამაზ გვიმრაძე.
შეხვედრაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის პროექტის მენეჯერი ნელი რევაზიშვილი. მან პროექტის ფარგლებში საარსებო წყაროების მხარდაჭერაზე საქართველოში დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის თაობაზე ისაუბრა.
მეათე საკოორდინაციო შეხვედრაზე საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის ,,აფხაზეთის’’ პროექტის მენეჯერმა პროექტის ,,სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში’’ პრეზენტაციაც გამართა.
ბოლოს კი დამსწრეთა შორის დისკუსია გაიმართა. აღნიშნული ტიპის შეხვედრები შიდა ქართლის გუბერნიისა და გორის მუნიციპალიტეტთან კოორდინაციით ეტაპობრივად იმართება.