პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
11 მარტი 2015
შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ,,ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ პრობლემები, რათა მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ ჩაიაროს მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესებმა და გადავიდეთ წინსვლაზე. ჩვენ მთლიანად კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ გააქტიურდეს ეკონომიკური პროცესები, განსაკუთრებით რეგიონებში, რეგიონალური განვითარება თითოეული მუნიციპალიტეტის და სოფლის დონეზე არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ასევე მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ტემპები ინფრასტრუქტურული პროექტების.’’- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეისწავლა რეგიონში არსებული ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი და გამოიკვეთა პრიორიტეტები. რეგიონული განვითარების გეგმის საზოგადოებისთვის მთავრობა მომავალ კვირას სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყებს.
,,თითოეული რეგიონისთვის მზადდება განვითარების გეგმა, სადაც არის ასახული ის პოტენციალი რომელიც რეგიონში არსებობს. ხდება მობილიზება ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით. ეს ინიციატივა გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონების პრივატიზაციას, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების უზრუნველყოფას, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფას და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას,’’- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონის განვითარებას აფერხებს. მათ შორის აქცენტი გააკეთა ბიუჯეტის ათვისებასა და ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. პრემიერმა მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობის საკითხი და მაქსიმალიურად გააქტიურონ მიმდინარე პროექტრებზე სამუშაოები.
,,ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თითოეული პროექტი და სამუშაოების მიმდინარეობა, დავადგინოთ დროულად ხარვეზები და სრულყოფილად აღმოვფხრათ ისინი. მოგიწოდებთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ, პირადად მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე და გაუფრთილდით იმ ნდობას, რომელიც მათ მოგანიჭათ. ამ ნდობას სჭირდება დაფასება და გაფრთხილება,’’- აღნიშნა პრემიერმა.
მანვე გუბერნატორებს და გამგებლებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.
,,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დაიზოგოს ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმაც უნდა მიიღოს ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის თითოეული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები,’’- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.