0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ანდრო ბარნოვის სპეციალური განცხადება
22 მაისი 2013

ზურაბ აგლაძე. ზურაბს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ თავდაცვის სისტემაში მუშაობისას ხშირად გამიგია მისი სახელი, როგორც ერთ–ერთი გამორჩეულად განათლებული და მოტივირებული ოფიცრის. გავეცანი ბატონი ზურაბის ბიოგრაფიასაც, რომელიც ყველა საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ თქვა: აკადემია საიმედო ხელშია! ვფიქრობ, ეს არის კარგი საკადრო გადაწყვეტილება და მინდა, მივულოცო ზურაბს ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა და მთელი გულით ვუსურვო დიდი წარმატებები ეროვნული თავდაცვის აკადემიის შემდგომი განვითარების გზაზე. თავდაცვის აკადემიამ განათლებული, მოაზროვნე ოფიცრები უნდა აღზარდოს, რომლებსაც შეეძლებათ, წარმატებით გაიარონ ოფიცრის რთული კარიერა და ღირსეულად ემსახურონ სამშობლოს, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს მაღალ ინტელექტს, პატრიოტიზმს და სამოქალაქო ღირებულებების უფრო დიდ ერთგულებას, ვიდრე ეს საზოგადოების რიგით წევრს შეიძლება მოსთხოვო. მე მოვისმინე ბატონი ზურაბის კომენტარი და მიხარია, რომ მისი ხედვა ემთხვევა იმ პრინციპებს, რაც თავიდანვე ჩაიდო ეროვნული თავდაცვის აკადემიის საფუძველში და რაც წარმოადგენდა პირადად ჩემს ხედვასა და რწმენას აკადემიაში მუშაობის პერიოდშიც და დღესაც. პირადად ჩემთვის, ეს გარემოება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება ის საკითხებია, სადაც აზრთა რადიკალური სხვადასხვაობა შეუძლებელია და ეს არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური კინკლაობის თემა. ამიტომ, მინდა, აქვე გამოვხატო ჩემი სურვილი, რომ შევხვდე ბატონ ზურაბს და ვისაუბროთ საქმიანი, ადამიანური და პროფესიული ურთიერთობის შესაძლებლობის შესახებ. მე მზად ვარ, ჩემი ყველა საერთაშორისო კონტაქტი, საკადრო რესურსი, ცოდნა და გამოცდილება მთლიანად გავუზიარო აკადემიის ახალ ხელმძღვანელობას და მწამს, რომ ეს შეიძლება, გამოდგეს საუკეთესო მაგალითად იმისათვის, თუ როგორ არის შესაძლებელი არა მარტო თანაარსებობა, არამედ – რეალური თანამშრომლობა მაშინ, როდესაც საქმე ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. ასე, რომ, კიდევ ერთხელ გულითადად ვულოცავ ბატონ ზურაბს და მე მას აუცილებლად შევეხმიანები უახლოეს დღეებში. საერთოდ, როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ უსაფრთხოება აუცილებლობის ძალით არის ის თემა, რომლისთვისაც საჭიროა ფართო კონსენსუსის არსებობა როგორც პოლიტიკურ, ასევე – საზოგადოებრივ ძალთა შორის. კონსენსუსზე დაფუძნებული უსაფრთხოება კი გახსნილ დიალოგს გულისხმობს. თავის მხრივ, ფართოდ გაგებული უსაფრთხოება ვერ შემოიფარგლება მხოლოდ თავდაცვით და აქვე მოიაზრება ეკონომიკა, საგარეო ურთიერთობები, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური სფერო და პოლიტიკური და სოციალური სივრცის შემადგენელი პრაქტიკულად ყველა დარგი. ნებისმიერ დასახელებულ სფეროში ქვეყნის წარმატებისათვის გახსნილი დიალოგი აუცილებელია. პოლიტიკური დაძაბულობა, საზოგადოების პოლარიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ის გარემოებებია, რაც ყველაზე მეტად უშლის ხელს დიალოგს და არ ტოვებს სივრცეს განვითარებაზე მიმართული პროცესებისთვის. ამიტომ, აუცილებელია, რომ დაძაბულობა დავასრულოთ და გზა მივცეთ განვითარებას. 2012 წლის შემოდგომაზე ჩვენ პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მოწმენი გავხდით. ეს ფაქტი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს და მთლიანად საზოგადოებას. აუცილებელია, რომ ახლა კიდევ უფრო წინ წავწიოთ საქმე და ახალი შემართებით, ახალი ენერგიით, განათლებულ, პატრიოტ ადამიანებთან ერთად გავაგრძელოთ სვლა განვითარებისა და სრულყოფილი დემოკრატიისაკენ. ჩვენ არ უნდა გამოვეკიდოთ შურისგებას და არ უნდა მივცეთ გასაქანი რევანშიზმს, უნდა დავასრულოთ ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაც, სადღაც და ოდესღაც ასევე ცუდად მოიქცა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა დავიცვათ კანონის უზენაესობა და უდანაშაულობის პრეზუმპცია, უნდა დავიცვათ დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებული ელემენტარული სტანდარტები. ამიტომ, უნდა ვილაპარაკოთ არა წარსულზე, არამედ – დღევანდელ დღეზე და მომავალზე, რადგან სწორედ ეს არის განვითარების გზა. ახალ ხელისუფლებას ყველა საშუალება აქვს იმისათვის, რომ ქვეყანა მშვიდად და გააზრებულად მართოს, არც გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაზე ეუბნება ვინმე უარს, და ამისი მაგალითია თუნდაც ჩემი მიმართვა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ახალი ხელმძღვანელობისადმი, რითიც დავიწყე დღევანდელი ბრიფინგი, თუნდაც ისევ ჩემი 5 ნოემბრის მიმართვა თავდაცვის მინისტრისადმი, სადაც სრულიად უანგაროდ, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და საქმის წინაშე პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვთავაზობდი ხედვებისა და გამოცდილების გაზიარებას. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩემს წინადადებას მაშინ არავინ გამოეხმაურა. თუმცა, მინდა, საყვედურები გვერდზე გადავდო და გამოვთქვა რწმენა, რომ ისევდაისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებასთან ყველა სფეროში დიალოგსა და თანამშრომლობას საბოლოოდ წინ ვერაფერი დაუდგება. ე ვსაუბრობ დიალოგის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას – როგორც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ასევე საზოგადოებას, რომ ვილაპარაკოთ აწმყოსა და მომავლის შესახებ, ვიმსჯელოთ განვითარების გეგმებზე, უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი კონსენსუსი და ვიმოქმედოთ მის შესაბამისად. ჩვენი, პოლიტიკოსების, პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოებას მივცეთ სწორი მაგალითი, გავამართლოთ საზოგადოების ჯანმრთელი იმედები და ვიშრომოთ იმისათვის, რომ ისევდაისევ საზოგადოებამ მიიღოს სარგებელი. მოვუწოდებ ყველას, საზოგადოების თითოეულ წევრს, საკუთარ თანაგუნდელებსა თუ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ ყველამ ერთად გვერდზე გადავდოთ ემოციები და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ უკეთესად მოვემსახუროთ საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. მინდა, ორიოდე სიტყვით შევჩერდე კონსენსუსზე, რომელიც ზემოთ ვახსენე. საზოგადოებრივი კონსენსუსი ერთადერთი იარაღია ერის, ნაციის მშენებლობისათვის. კონსენსუსისთვის აუცილებელია გამჭვირვალობა, აუცილებელია განათლება და საზოგადოების ინფორმირება. მხოლოდ აქტიური მოქალაქეები ქმნიან ნაციას, მხოლოდ აქტიური და პასუხისმგებლობით აღჭურვილი, ინფორმირებული მოქალაქეები ქმნიან ერს იმ გაგებით, როგორც ეს შეიძლება, გვესმოდეს 21-ე საუკუნეში. "ნაციონალური მოძრაობა" სხვა არაფერია, თუ არა მოძრაობა ეროვნული მიზნების განსახორციელებლად და ეს მოძრაობა ეკუთვნის არა მხოლოდ ერთ პარტიას, არამედ – მთელს ერს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ჩვენი დიდი თემის, ჩვენი ერის თითოეულ შვილს. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს: დიახ, თქვენ ხართ "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი, ისევე როგორც ჩვენ ვართ "ქართული ოცნების" ნაწილი. ჩვენ ვართ ერთი ხალხი და გვაქვს ერთი მიზანი, საერთო რესურსები და საერთო ამოცანები. ოღონდ, ეს სიტყვები რომ რეალობა იყოს, აუცილებელია გახსნილი დიალოგი და განსხვავებული აზრის პატივისცემა. ამისი მაგალითი იყო ოპოზიციური ძალის ხელისუფლებაში მოსვლა ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ამისი მაგალითი იყო ყველა რესურსის მშვიდი გადაბარება ძველის მიერ ახალი ხელისუფლებისათვის, ამისი მაგალითი იყო ბევრი ჩვენი თანაგუნდელის მზადყოფნა, დარჩენილიყო თამანდებობაზე და გაეგრძელებინა მუშაობა ქვეყნის სასიკეთოდ, და ამისი მაგილითია დიალოგისთვის მზადყოფნა, რომელსაც დღესაც ვინარჩუნებთ და რაც არც მომავალში შეიცვლება. ნათქვამის საპირისპიროდ, დიალოგისთვის მზადყოფნის მაგალითი არ არის დღევანდელი რევანშიზმი, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები, რასაც ვხედავთ; ამისი მაგალითი არ არის თანამდებობებიდან პროფესიონალთა გაყრა და ნათესავების დანიშვნა; არ არის დიალოგის მაგალითი საგარეო კურსის შეცვლის კულუარული სტრატეგიები; საზოგადოებასთან შეუთანხმებლად გაკეთებული, გაუაზრებელი განცხადებები და უკიდურესი აგრესია, რომელიც ვიხილეთ საჯარო ბიბლიოთეკასთან, ვიხილეთ ქუთაისში, ვიხილეთ საჯარო განცხადებებში და პოლიტიკოსთა საჯარო ქცევაში, და ვხედავთ პრაქტიკულად ყოველდღე – ოჯახებში, სამეზობლოში, სამეგობროებში თუ პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ, როგორც ერმა, უნდა დავძლიოთ ემოციები, გავცდეთ ვიწრო ინტერესებს, აღვიჭურვოთ პასუხისმგებლობითა და სამართლიანობით, უნდა გავცდეთ ფეოდალურ აზროვნებას და მენტალურად შევიდეთ ახალ საუკუნეში, სადაც დღეს მხოლოდ ფიზიკურად ვცხოვრობთ. ეს არის ჩემი მოწოდება პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების მიმართ. ეს არის განცხადება ჩემი პოლიტიკური მრწამსის შესახებ და პასუხისმგებლობის აღება, რომ სწორედ ეს პრინციპები და ღირებულებები იქნება წარმმართველი პირადად ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, რა ხანგრძლივობისაც უნდა აღმოჩნდეს იგი. ახლა ნება მომეცით გადავიდე სოფლის მეურნეობის პროგრამაზე, რომლის განხორციელებაც ამ დღეებში იწყება. სამწუხაროდ, პროგრამა ჯერ არ დაწყებულა და უკვე შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ უდროოდ და გაუაზრებლად დაანონსებული პროგრამით მოსახლეობა უკვე დაზარალდა. მაგალითად, გორის რაიონში შარშან საშემოდგომო ხვნა ჩატარებული იყო მთლიანი სახნავი ფართობის 44%-ზე, წელს კი საშემოდგომო ხვნის მოცულობა 5%-ს გაუთანაბრდა; ხაშურის რაიონში შარშან ეს ციფრი შეადგენდა 40%-ს, წელს კი – 10%-ს არ გასცილებია; ქარელის რაიონში შარშან საშემოდგომოდ მოიხნა 44%, წელს კი – მხოლოდ 6%; კასპის რაიონში შარშან საშემოდგომოდ მოიხნა მთლიანი ფართობის 31%, წელს კი – მხოლოდ 4%; ჯამში, შიდა ქართლის რეგიონში შარშან საშემოდგომოდ მოხნული 40 %-ის ნაცვლად, წელს მოიხნა მხოლოდ 6% გლეხს არ ესწავლება, რომ როდესაც მარცვლეულ კულტურებზე ვსაუბრობთ, საშემოდგომოდ მოხნული მიწის მოსავლიანობა ხარისხითაც და მოცულობითაც გაცილებით ჯობნის გაზაფხულზე მოხნული მიწის მოსავალს. გახაფხულზე მოხნულ მიწაზე უპირატესად სიმინდი და ბოსტნეული ითესება. გამოდის, რომ უდროოდ გაკეთებული გაუაზრებელი განცხადება მოსახლეობას უბიძგებს მარცვლეულის ნაცვლად ბოსტნეულის დარგვისაკენ. თუმცა, აქაც დასაფიქრებელი უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ ძალაში რჩება ირიგაციის პრობლემა, რაც, თავის მხრივ, ართულებს ბოსტნეული კულტურების მოყვანას. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთის მხრივ, რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ დათესავს მარცვლეულ კულტურებს, მეორეს მხრივ კი – ვერ მოიყვანს ხარისხიან ბოსტნეულს. ასევე საინტერესოა, რა რეალიზაციის ბაზარი უნდა მოუნახოს გლეხმა ბოსტნეულს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას დიდი მოცულობით მოიწევს. გლეხებმა იციან, რომ ბოსტნეულის დიდი ნაწილი ნადგურდება იმის გამო, რომ რეალიზაციის პრობლემა რეალურად დგას. პრობლემა გამოწვეულია წარმოების სიძვირით, რაც, თავის მხრივ დაკავშირებულია ირიგაციის, მექანიზაციისა და უხარისხო შხამ–ქიმიკატების პრობლემებთან ვიღაცამ შეიძლება, თქვას, რომ მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდა და ეს მოაგვარებს ირიგაციის პრობლემებს, მაგრამ მოსახლეობამ კარგად იცის, რომ შიდა არხების მოწესრიგების გარეშე სარგებელს მხოლოდ მაგისტრალური არხების მიმდებარე მიწების მფლობელები ნახავენ, სხვები კი ცარიელზე რჩებიან. ანუ გამოდის, რომ საბოლოო ჯამში მოსახლეობა სარგებლის ნაცვლად ზარალს ნახულობს, რაც პროგრამის დაწყებამდე ნათელია და მისი ციფრებში გამოსახვაა შესაძლებელი. ამის გარდა ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს თვითონ პოლიტიკა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გვიჩვენა აღნიშნული პროგრამის შექმნისას: პროგრამის მიხედვით, მოიხვნება მხოლოდ ის მიწები, რომელთა ფართობი არ აღემატება 1,25 ჰა-ს. ეს ნიშნავს, რომ უფრო დიდი ფართობების მფლობელებს უჩნდებათ მოტივაცია, რომ დაანაწევრონ საკუთარი მიწები და შედეგად მივიღებთ კიდევ უფრო დაწვრილმანებულ სოფლის მეურნეობას, ეს ნიშნავს, რომ გლეხი რეალურად მოიყვანს საკუთარ საკვებს, არ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, არ შეიქმნება ბაზარზე გასატანი დამატებითი პროდუქცია, არ შეიქმნება დამატებითი ღირებულების პროდუქტი და პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობა იდგება იმავე ნიშნულზე, სადაც იმყოფებოდა პროგრამის დაწყებამდე. საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მინიმალური ზრდა, რომელიც ვერანაირად ვერ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. ეს პროგრამა, ჩემი აზრით, არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება დახარჯო ასეულობით მილიონები ისე, რომ საერთო ჯამში ქვეყანამ და მოსახლეობამ ვერანაირი სარგებელი ვერ ნახოს. მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 7,5%-ს არ აღემატება. ამიტომ ცხადია, რომ თუ მიზანი სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის განვითარებაა, მაშინ პოლიტიკაც უნდა იყოს რაციონალური და ზრდაზე მიმართული. რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობას უჭირს და დახმარება სჭირდება, ვფიქრობ, მოყვანილი ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ ჯობდა, ეს დახმარება არ მიბმოდა უშუალოდ ხვნა-თესვას, რამაც მცდარი მოლოდინები გააჩინა მოსახლეობაში და სახელმწიფო პირდაპირ დახმარებოდა გლეხებს. მოსახლეობას ალბათ, უჩემოდაც ესმის, რომ თვით ამ პროგრამის განხორციელებაც, დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ დგას: შიდა ქართლში 1.25 ჰა-მდე მიწის მფლობელების მიერ დღეისათვის განაცხადი გაკეთებულია 28 ათას ჰექტარზე, სადაც ძალიან დიდია იმ მიწების რაოდენობა, რომლებიც წლებია, არ მოხნულა. გლეხს არ ესწავლება, რომ ასეთი მიწების დამუშავება იწვევს ტექნიკის ხშირ დაზიანებას, რაც შეაფერხებს და მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს პროგრამის მიმდინარეობას. საბოლოოდ მივალთ მდგომარეობამდე, როცა ხვნა დაგვიანებული იქნება და ბევრი გლეხი, რომელსაც პროგრამის მიხედვით უფასო ხვნით უნდა ესარგებლა, ამ მომსახურებას ვერ მიიღებს. ეს გარემოება, რომელიც ძალიან კარგად ესმით თავად გლეხებს, გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობაში გაჩნდება დაძაბულობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის როდის მოუწევს მომსახურების მიღება. ამას დაემატება ისიც, რომ როგორც თავად მთავრობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღიარებული, არაზუსტი სიების, აგრო ვადებში ვერჩატევისა და კლიმატური პირობების გამო, ბევრი გლეხი აუცილებლად დარჩება მომსახურების გარეშე და გაჩნდება სოციალური უსამართლობის ახალი საფუძველი, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს მოსახლეობის უკმაყოფილებას. საინტერესოა, თუ მოეკიდებიან გლეხები გაგებით ამ ვითარებას? არსებობს საფრთხე, რომ ჩავარდნილი პროგრამისა და მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, მთავრობამ ხელის შეწმენდა მოინდომოს სოფლის რწმუნებულებზე, რაც, აქედანვე უნდა ითქვას, რომ იქნება სრული უსამართლობა და სიმართლე კი იქნება იმაში, რომ თავად მთავრობამ ვერ მოახერხა და ვერ გააანალიზა ის მოსალოდნელი შედეგები, რაც ამ გაუაზრებელ პროგრამას აუცილებლად მოყვება. მინდა, განვაცხადო, რომ არ დავუშვებ ამ ადამიანების უსამართლო ჩაგვრას და მივმართავ ყველა სოფლის რწმუნებულს, რომ პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, მათ გვერდში მიგულონ თითოეული ასეთი უსამართლობის შესაძლო გამოვლინებისას. დაბოლოს, მინდა, ვთქვა, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ჯობდა ფული დახარჯულიყო ისე, რომ ფოკუსირება მოგვეხდინა საშუალო ფართობების მფლობელებზე (3-10 ჰა) და შეგვექმნა მოტივირების მექანიზმები იმისათვის, რომ მომხდარიყო მიწების კონსოლიდირება, ანუ მცირემიწიანი ფერმერების გაერთიანება საშუალო ფართობების მფლობელებზე კონცენტრირებით. პრიორიტეტებად უნდა განსაზღვრულიყო ინფრასტრუქტურის, მექანიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა, სასუქებისა და შხამქიმიკატების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, სათესლე და სანერგე მასალის ხარისხი და ხელმისაწვდომობა, მარკეტინგული კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება, რაც საშუალებას მოგვცემდა, რომ: შექმნილიყო ათიათასობით სამუშაო ადგილი, მნიშვნელოვნად გაზრდილიყო სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობის მიმართ ხელი შეწყობოდა ბიზნეს-მიდგომის დამკვიდრებას, გაზრდილიყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოცულობა და ხარისხი, ხელი შეწყობოდა შრომის განაწილებასა და სპეციალიზაციას სოფლის მეურნეობის სფეროში, მნიშვნელოვნად გაზრდილიყო სოფლის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, შექმნილიყო ახალი პროდუქტები და ახალი ბიზნესები. ალბათ არ სჭირდება ზედმეტი განმარტება იმას, რომ ასეთი მიდგომა საბოლოო ჯამში ხელს უწყობს სოფლების ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ნიშნავს მზარდ ურბანიზაციას, ძლიერ თვითმმართველობებს, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, ძლიერ ეკონომიკას და სახელმწიფოს. ეს ხდება იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ნაჩქარევად, ჩაკეტილ კაბინეტებში, ადამიანთა ვიწრო ჯგუფის მიერ, საზოგადოების დაუკითხავად და სპეციალისტების ფართო სპექტრის ჩართვის გარეშე. ეს არის სრულიად მიუღებელი რეალობა, რასაც ვერაფრით მივესალმები. ესეც არ იყოს, ცხადია ისიც, რომ 640 ათას ოჯახზე გათვლილი პროგრამა, რომელიც განვითარებას არ მოიტანს, არ შეიძლება შეფასდეს სხვანაირად, თუ არა წმინდაწყლის პოპულიზმი. მიჩნდება კითხვა, რაში სჭირდება მოსახლეობის მოსყიდვა ახალ მთავრობას, რომელსაც წესით სოციალური ლეგიტიმაციის პრობლემები არ უნდა ქონდეს? იმიტომ ხომ არა, რომ ხელისუფლებაში მოვიდა გუნდი, რომელსაც არ აქვს მომავლის ხედვა და სახეზეა ამ რეალობის პოლიტიკურად იაფფასიანი, თუმცა ეკონომიკურად ძალიან ძვირი, პოპულისტური აქციებით გადაფარვის მცდელობა? იმიტომ ხომ არა, რომ ახალ ხელისუფლებას მიზნად აქვს პოპულარობის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება საზოგადოებისათვის მიუღებელი სხვა ნაბიჯების გადასაფარად? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები დღეს არ მომეპოვება, თუმცა ვხედავ გარკვეულ ნიშნებს საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც ამ კითხვებს მიმძაფრებს. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, რომ რაციონალურად მივუდგეთ მომავალს და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მაქსიმალურად ამაღლდეს საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უზრუნველვყოთ პროცესების მაქსიმალური გამჭვირვალობა და ვაშენოთ მომავალი იმ გზით, რაც შეესაბამება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს და გულისხმობს ნამდვილად დამოუკიდებელი, კონსენსუსზე ორიენტირებული, განათლებული და ინფორმირებული ერისა და სახელმწიფოს მშენებლობას. ეს არის ნამდვილი ნაციონალური იდეა და ნაციონალური მოძრაობა, რომლის წევრებიც ჩვენ ყველანი ვართ!“ - ნათქვამია გუბერნატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Top