ახალგაზრდული საკრებულოების წევრები შიდა ქართლის გუბერნატორს შეხვდნენ
15 აპრილი 2015
,,ჩვენ თითოეულ მუნიციპალიტეტში გავმართეთ შეხვედრები და პროექტის პრეზენტაცია. ახალგაზრდული საკრებულო დაკომპლექტდა, იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც არიან წარმოდგენილები მოქმედი საკრებულოს წევრები. საპრეზენტაციო შეხვედრებზე ასევე შევპირდით ახალგაზრდებს, რომ გავაცნობდით მხარის გუბერნატორს,- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლების’’ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ მაღალდაძე.
ზურაბ რუსიშვილის თქმით, პროექტი არა მარტო შიდა ქართლის რეგიონისთვის, არამედ 64-ვე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი თაობა აიმაღლებს საზოგადოებრივ თვითშეგნებას, ახალგაზრდები უშუალოდ ჩაერთვებიან მათ სოფელსა თუ ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში, იმსჯელებენ ამ პრობლემების მოგვარების გზებზე.
აღნიშნული პროექტი ექვსთვიანია. ნიკოლოზ მაღალდაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
,,იქნება არაერთი ტრენინგი, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის თემაზე, ასევე არჩევნების მნიშვნელობაზე, კავკასიოლოგიის და ასე შემდეგ. ყველა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებაში ჩაერთვებიან ახალგაზრდები. დაგეგმილია გაცვლითი პროგრამებიც და ვფიქრობთ, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გამორჩეულები იქნებიან საკუთარი მოტივაციით და მიდგომით ამ პროექტისადმი, საზღვარგარეთ გავიყვანთ,’’- ამბობს ნიკოლოზ მაღალდაძე.