გორში დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის სამოქმედო გეგმის საკითხებზე იმსჯელეს
27 აგვისტო 2015
შეხვედრას უძღვებოდა ევროკავშირის ექსპერტი საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჯუდის კიერსი. შეხვედრას ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს, დევნილთა სამინისტროს და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სარსებო წყაროების შექმნის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დევნილები სხვადასხვა დასახლებიდან და კოლექტიური ცენტრებიდან, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას მათი საარსებო წყაროების უზრუნველყოფისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით ხედვები გააცნეს. სამუშაო შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა სამინისტროს როლზე დევნილთა დახმარების მიმართულებით და ისაუბრა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.გურამ მაჭარაშვილი შეხვედრაზე მყოფ დევნილ სტუდენტებსაც გაესაუბრა და სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მიღება ურჩია. შეხვედრის მეორე ნაწილში იმუშავეს ორ ჯგუფად სადაც ევროკავშირის ექსპერტმა ჯუდის კიერსმა ხელისუფლების და დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამსახურების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღო იძულებით გადაადგილებული ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. რუსუდან ქობალიამ კი ფასილიტაცია გაუწია დევნილთა ჯგუფს, რომლებმაც ხაზი გაუსვეს დასახლებებში არსებულ პრობლემებს და ასევე გამოთქვეს მოსაზრებები დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის პროგრამებზე და პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მხრიდან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტრენინგების, კონსულტაციებისა და პროფესიული განათლების მნიშვნელობას, რაც პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლის აზრით ხელს შეუწყობს დევნილთა დასქმებას. ანალოგიური შეხვედრები ევროკავშირისა და დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისშიც გაიმართება.