0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ანდრო ბარნოვი საზოგადოებას მოუწოდებს, პრემიერის განცხადებებს პროტესტით უპასუხოს
22 მაისი 2013

მინდა, სწორედ აქედან, გორიდან შევეხმიანო პრემიერის გუშინდელ განცხადებებს. პირველ რიგში, მინდა მას ვთხოვო, რომ თუ მართლაც არ მიიჩნევს თავს პოლიტიკოსად, როგორც გუშინ უკვე მერამდენედ აღნიშნა, მაშინ იქნებ, პოლიტიკურ განცხადებებს მაქსიმალურად აარიდოს თავი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს სიტყვაზე გამოვეკიდო, ან, მითუმეტეს, შეურაცხყოფა მივაყენო. მაგრამ როდესაც ადამიანი ძალიან მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობს და როდესაც ის უაპელაციოდ აცხადებს, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აზიანებს საზოგადოების ერთიანობას და აზიანებს ქვეყნის იმიჯს. ნაცვლად იმისა, რომ არაღიარების პოლიტიკას ენერგიულად ახორციელებდეს, გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველომ არაადეკვატური პასუხი გასცა გამოწვევებს, რომ რუსეთის ქვედანაყოფებს ჯერ არ ქონდათ გადმოლახული ჩვენი საზღვარი, როდესაც ჩვენ საბრძოლო მოქმედებები დავიწყეთ. და ეს ყველაფერი თქვა იმის მიუხედავად, რომ თვით ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც კი, რომელიც კონიუნქტურის კლასიკური მაგალითია, შავით თეთრზე წერია, რომ რეალობა სწორედ ამისი საპირისპირო იყო. პრემიერმა განაცხადა, რომ რუსებმა თურმე მხოლოდ ერთი სახლის კედელი დაანგრიეს და ჩვენ ამის საპასუხოდ ომი დავიწყეთ. მე ვეკითხები ჩვენს საზოგადოებას და ვეკითხები დღევანდელ მმართველ კოალიციას, ვეკითხები რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს, ვეკითხები პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს: ნუთუ, სუვერენული ქვეყანა უნდა უშვებდეს ასეთ დამღუპველ განცხადებებს პრემიერის მხრიდან? ნუთუ, არ გაწუხებთ, რომ ეს გაუაზრებელი თუ სწორედაც გამიზნული განცხადებები ქვეყანას აზიანებს? ნუთუ, მზად ხართ, ქვეყანა სიძულვილს გადააყოლოთ? ნუთუ, პასუხს არ სთხოვთ თქვენს ლიდერს ან რჩევას მაინც არ აძლევთ? მართლაცდა, თქვენი ლიდერია თუ ბატონი? ისევ რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს ვეხმიანები: თქვენ წლების განმავლობაში ვერ ახერხებდით, საზოგადოების ნდობა მოგეპოვებინათ, რადგან ვერ იღებდით რთულ და პრინციპულ გადაწყვეტილებებს, გეშინოდათ, მკაფიოდ გამიჯნოდით ბურჯანაძეს, ნოღაიდელს და მსგავს პოლიტიკანებს, ხალხს ვერ დაანახეთ, რა მომავალს უქადდით და ნაციონალური მოძრაობის დაცემული პოპულარობის მიუხედავად, ხალხის ნდობა მაინც ვერ მოიპოვეთ. საბოლოოდ, ივანიშვილის ფული გახდა ის ერთადერთი მიზეზი, რის წყალობითაც დღეს ხელისუფლებაში აღმოჩნდით. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ წლების განმავლობაში თქვენს წარუმატებლობას ნუ დააბრალებთ მხოლოდ სააკაშვილს, მოძებნეთ საკუთარ თავში ძალა და შეხედეთ რეალობას ობიექტურად, აღიარეთ, რომ საკუთარ წარუმატებლობაში ლომის წილი თავად მიგიძღვით და დღეს მაინც, როდესაც ქვეყნის ბედი თქვენს ხელშია, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საქმეს! გაემიჯნეთ ბნელ ძალებს, სიძულვილს, პოპულიზმს, უპრინციპობასა და არაპროფესიონალიზმს! გაემიჯნეთ, რათა სათავე დაუდოთ რეალურ განახლებას და არა - უკუსვლას კომუნისტურ მოუსავლეთში. მინდა, განვუმარტო ჩვენს მოსახლეობას და პირადად ბატონ ბიძინას: ბატონო პრემიერო, თქვენ ალბათ ჩვეულებისამებრ უკან წაიღებთ ამ სიტყვებს, მაგრამ თქვენი ბოდიშები აღარ არის შედეგის მომტანი. თქვენი განცხადებები თავის შავ საქმეს უკვე წარმატებით ასრულებს და გუშინვე მთელი მსოფლიოს მედია გადაივსო საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის აღიარებითი ჩვენებებით. აგერ უკვე მერამდენე თვეა, თქვენ დაკავებული ხართ იმით, რომ გაამართლოთ რუსეთის აგრესია და ნამუსი მოწმინდოთ ოკუპანტს. სიტუაციის ცინიკურობა ისაა, რომ ამით ვერაფერს აღწევთ იმავე ოკუპანტის მხრიდან ახალ-ახალი დაცინვების გარდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ახალ მავთულხლართებს, ჯარიაშენში 30 ჰექტრიან ახალ ოკუპაციას, ვიღაც ჩინოვნიკის, ონიშენკოს დონეზე დასულ პარტნიორობას და იმას, რომ უშუალო მეზობლების გარდა, რომლებსაც ამ შემთხვევაში არჩევანი არა აქვთ, მსოფლიოს არც ერთი ლიდერი არ შეგხვედრიათ. თუმცა, გუშინ დიდი ყურადღება დაიმსახურა თქვენმა გამოსვლამ. იმდენად დიდი, რომ თვით ლავროვი გამოგეხმაურათ და დაგპირდათ თანამშრომლობას ვაჭრობაში, კულტურასა და სპორტში. მართლაც, “სათანადო” დაფასებაა თქვენი ძალისხმევის, გილოცავთ! მინდა ისევ საზოგადოებას მივმართო. ბატონებო და ქალბატონებო, ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს გადადგომა მოუწევდა ასეთი განცხადებების შემდეგ. გაითვალისწინეთ ეს. მე მესმის ის რთული მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, მესმის, რომ საზოგადოების ნაწილში არსებობს იმედები ახალი ხელისუფლების მიმართ და არსებობს იმედგაცრუებაც ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მაგრამ ის, რაც გუშინ პრემიერისგან მოვისმინეთ, პოლიტიკურ პარტიკულარიზმს სცილდება. ეს არის საზოგადოების ღირსების საკითხი და ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს ღირსება დავიცვათ. დღეს „ქართული ოცნების“ კოალიცია პრემიერის ხელმძღვანელობით ცდილობს, რომ სოციალისტური ლოზუნგებითა და ეკონომიკურად გაუმართლებელი დაპირებებით გააბრუოს საზოგადოება, ამასობაში კი ძირს უთხრის ქვეყნის უსაფრთხოებას და განვითარების პერსპექტივებს. არ არის ეს ქვეყანა იმდენად ძლიერი, რომ დიდხანს გაუძლოს ასეთ პოპულიზმს, მით უმეტეს, თუ ის მტრული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. ჩვენ თუ გვინდა, რომ თუნდაც იმავე რუსეთის თვალში რაიმე ღირსება მართლა შევინარჩუნოთ, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებზე საზოგადოებამ აქტიური პროტესტი უნდა გამოთქვას. თუ ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ, მაშინ საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს საკუთარი მყარი აზრი. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის, რომ 19 აპრილს სწორედ ამ რეგიონიდან, შიდა ქართლიდან, ზღვა ხალხი დადგეს ერთად თბილისში და დაანახოს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ფუნდამენტური პრინციპებიდან გადახვევას არ ვაპირებთ, რომ ჩვენი არჩევანია თავისუფლება, დემოკრატია და ეროვნული ღირსება, რომ ჩვენ გვჭირდება არა მესიები, არამედ - ლიდერები, რომელთაც პასუხს ვთხოვთ, და ვითხოვთ ამ პასუხს არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ - ყოველდღიურად! ბევრ კარგ საქმესთან ერთად, ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრი შეცდომაც დაუშვა, ბევრი არაეფექტიანი ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ არასოდეს უღალატია ქვეყნის ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებისათვის. მაგრამ შეცდომებთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტების შავი პიარი და რუსეთის ინტერვენცია გახდა იმისი მიზეზი, რომ საპარლამენტო არჩვნებში პარტია დამარცხდა და ხალხმა ახალ იმედებს დაუჭირა მხარი. მე მართლაც მთელი გულით მივესალმები იმას, რომ საზოგადოებამ თავისი ნების გამოვლენა მოახერხა არჩევნებში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამის შემდეგ ჩვენ წინსვლა გავაგრძელოთ, მეტი პასუხისმგებლობა დავაკისროთ საზოგადოების რჩეულებს და ყველა მომდევნო არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯი იყოს თავისუფლების, დემოკრატიისა და განვითარების გზაზე. ამიტომ, მინდა, ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოვუწოდო: ნუ გაუცრუებთ ხალხს ამ იმედებს და ნუ იმოქმედებთ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ვინც პოლიტიკაში ჩახედულია, ახლავე ხედავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. სამწუხაროდ, თქვენი განცხადებების წყალობით, ეს დღე არ გამოიყურება იმედისმომცემად. ნუ გვიკრავთ ხელს დიალოგზე, ნუ გადააყოლებთ ქვეყანას სიძულვილს, მოგიწოდებთ, რომ ყველამ ერთად ვაშენოთ ჩვენი საყვარელი ქვეყანა და ჩვენს საქმეებში ჩანდეს კომპეტენცია, რაციონალიზმი და საქართველოს უანგარო სიყვარული. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ წინ მრავალი რთული წელი გველოდება და სირთულეები მხოლოდ ეკონომიკასთან არ არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, მთავარი სირთულეები უსაფრთხოებას უკავშირდება და ჩვენს რთულ გეოპოლიტიკაში მხოლოდ საზოგადოების ერთ მუშტად შეკვრაა ის გამოსავალი, რაც უკეთეს მომავალს მოგვიტანს. ამიტომ, ნუ გახლეჩთ საზოგადოებას უპასუხისმგებლო განცხადებებით, ნუ დაასუსტებთ ისედაც მყიფე ერთიანობას. არ გაპატიებთ ამას ხალხი და ისტორია, თუმცა მეშინია, გვიანი არ იყოს. დაბოლოს, მინდა ისევ საზოგადოებისადმი მიმართვით დავასრულო. ბატონებო და ქალბატონებო, გავერთიანდეთ არა ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ, არამედ - ქვეყნის ძლიერებისა და განვითარებისათვის, სოლიდარობის უნარისათვის და კონსენსუსის კულტურისათვის! არ არსებობს იარაღი ერთ მუშტად შეკრული საზოგადოების წინააღმდეგ! არ არსებობს დიალოგის უნარიან საზოგადოებაზე ბრძენი ლიდერი! არ არსებობს შემწყნარებელ საზოგადოებაზე მკაცრი მსაჯული! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საზოგადოება გაუძლებს ამ გამოცდას და არა რომელიმე მესიად მოვლენილი ლიდერი, არამედ - სწორედ ჩვენი საზოგადოება იქნება ის ძალა, რომელიც უკეთეს ხვალინელ დღეს შექმნის ჩვენს საყვარელ ქვეყანაში.

Top