ანდრო ბარნოვი საკრებულოს თავმჯდომარეებთან და გამგებლებთან თანამშრომლობისთვის მზადაა
22 მაისი 2013
მისი თქმით, იგი პატივს სცემს მოსახლეობის არჩევანს, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და გამგებლებთან თანამშრომლობისთვის მზადაა და თვითმმართველობების უფრო მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს.
ამასთან, ბარნოვის განცხადებით, იგი რეაგირების გარეშე არ დატოვებს ზეწოლის, მუქარის, პოლიტიკური ნიშნით დევნის და სამსახურებიდან გათავისუფლების არც ერთ შემთხვევას, კონტროლს გაუწევს საბიუჯეტო პროცესებს და ნეპოტიზმს არ დაუშვებს.
გუბერნატორის თქმით, ის კარგად იცნობს რეგიონს და მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის განვითარება დაასახელა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა პროექტი, რომელიც დაწყებული იყო და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსხურებოდა, უნდა გაგრძელდეს.
ამასთან, გუბერნატორი ყველა სოფლის და ყველა ოჯახის პრობლემის გაცნობას აპირებს და აქტიურ ურთიერთობას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.
ის რეგიონის მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლების უფლება, დაძლიონ შიში და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში მყოფ ორივე პოლიტიკურ ძალასთან აქტიურად ითანამშრომლონ.
"მე გუშინ გავეცანი სამხარეო ადმინისტრაციის ბიუჯეტს და გაოცებული ვარ. თანხა იმდენად მცირეა, რომ გადაადგილებების საშუალებების, საწვავის, ელემენტარული სამუშაო პირობების თვალსაზრისით პრობლემები გვექმნება. უფრო მეტს გეტყვით, სამაშველო სამსახურს, რომელიც ერთადერთია რეგიონში, საწვავი მხოლოდ 10 დღის მარაგიღა აქვს და თანამშრომლებს ფორმებიც კი არ გააჩნიათ. ეს იმის გამო, რომ აღნიშნული სამსახური გუბერნატორს ექვემდებარება. პოლიტიკურ ძალთა შორის "ხელების გადაგრეხვა“ გამოსავალი არ არის", - განაცხადა ბარნოვმა.
ანდრო ბარნოვის განცხადებით, სამხარეო ადმინისტრაციის საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და ასევე ხელს შეუწყობს სხვა სახელისუფლო სტრუქტურების საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდას.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პრესასთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.