ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა საზოგადოებას რიგით მეხუთე ანგარიში გააცნო. ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძე და გუბერნატორის მოადგილეები ესწრებოდნენ. მერმა ქალაქში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა და ასევე, შეკრებილებს დაგეგმილი პროექტებისა და ინიციატივების შესახებაც გააცნო ინფორმაცია. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ჯირკველიშვილის უწყების მიერ 2014 წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ. 24 240 000 ლარის ღირებულების 165-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციის, სკვერების, საბავშვო ბაღების, სკოლების, სპორტული დაწესებულებებისა და მოედნების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების, სადარბაზოების, სახურავების მოწყობა-რეაბილიტაცია; სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, დასაქმებისა და მცირე ბიზნესის, განათლების, კულტურისა და სპორტის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამები, მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პროექტები. ანგარიშთან ერთად ქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფცია წარუდგინა და მომდევნო 1 თვის განმავლობაში კრიტიკული მოსაზრებების წარდგენა სთხოვა. აღნიშნული კონცეფცია 1 თვეში ქალაქის საკრებულოს წარედგინება განსახილველად და დასამტკიცებლად, რის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლება დაფინანსების მოძიებას და პროექტის განხორციელებას შეეცდება.
გორის მერმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა
23 ივნისი 2017