შიდა ქართლის გუბერნატორად ზურაბ ჩხეიძე დაინიშნა
22 მაისი 2013
"მიუხედავად იმ პოლარიზებული გარემოსი, რაც ზოგადად ქვეყანაში არის, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ რეგიონში, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმას, რომ თვითმმართველობებთან იყოს არა თანაარსებობა, არამედ რეალური თანამშრომლობა. ჩვენ არასოდეს გავურბოდით არც პირად კავშირებს და არც რეალურ მუშაობას ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან. მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ რეგიონში ცუდად არ გვაქვს საქმე და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება",-განაცხადა ბარნოვმა.
ჩხეიძის განცხადებით, ის ეცდება პრეზიდენტის ნდობა გაამართლოს.
"ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. მე პასუხისმგებლობას არასდროს გავურბოდი და არც ახლა გავურბივარ. ვეცდები, რომ ეს ნდობა გავამართლო", - აღნიშნა ჩხეიძემ.
ცნობისთვის, 38 წლის ზურაბ ჩხეიძე პროფესიით ეკონომისტია და ამ დრომდე ის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. თავდაპირველად ის გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი იყო, შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, 2010 წლიდან დღემდე კი გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე ჩხეიძე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა.