ქალაქ გორში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალ საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. ახალი საგადასახადო ინიციატივა განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით. ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში. მცირე მეწარმეობის განვითარების წახალისებისთვის გათვალისწინებული საგადასახდო შეღავათების გარდა, საგადასახადო კოდექსში, ასევე, ინიცირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება. საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.