შიდა ქართლის მხარეში ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. გუბერნატორის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. რეგიონის პირველმა პირმა რეგიონთან აქტიური კომუნიკაციის მზადყოფნა გამოთქვა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. კითხვები შეეხებოდა როგორც მის საქმიანობას სამცხე ჯავახეთში, ასევე სამომავლო გეგმებს და ხედვებს შიდა ქართლთან მიმართებაში. აკაკი მაჭუტაძის თქმით, სამცხე ჯავახეთში მისი საქმიანობა წარმატებული იყო და ამაზე რეგიონში განხორციელებული პროექტებიც მეტყველებს. რაც შეეხება შიდა ქართლს, მისი თქმით, ამ ეტაპზე ადმინისტრაციის შიდა სიტუაციას და თანამშრომელთა საქმიანობას ეცნობა. ასევე, აპირებს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების უახლოეს პერიოდში შესწავლას. გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის საკითხზე და უფლებამოსილების ფარგლებში მერებთან აქტიური, საქმიანი კომუნიკაციის მზადყოფნა გამოთქვა. შეგახხსენებთ, რომ აკაკი მაჭუტაძე შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტზე მიმდინარე წლის პირველ აპრილს დაინიშნა. მანამდე ოთხი წლის განმავლობაში ის სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი იყო, რომელსაც ამჟამად შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, კახა სამხარაძე ხელმძღვანელობს.
შიდა ქართლის გუბერნატორმა ადგილობრივ მედიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
04 აპრილი 2018