სახელმწიფო საზღვრისპირა სოფლებს ხვნის პროცესში ეხმარება
04 მარტი 2014
საზღვრისპირა 15-მდე სოფელში (არბო, ნიქოზი, ტყვიავი, შავშვები, ავლევი, დვანი, დირბი და სხვა) ხვნის სამუშაოებს მხოლოდ სახელმწიფო შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.
სოფელ არბოში წელს 77 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. ხვნის ბარათი 75 ფერმერმა მიიღო, ხოლო აგრო ბარათი 115-მა. სამუშაოებს შპს „მექანიზატორის“ 5 ტრაქტორი ასრულებს.
"მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი"–თ წელს შიდა ქართლის რეგიონის 73513 ფერმერი ისარგებლებს. სასოფლო სამეურნეო, ხვნის ბარათი 48840 ბენეფიციარს დაურიგდა (ერთ ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით). აგრო ბარათზე კი დარიცხული იქნება 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა (1 ლარი 1 ქულა).
ასევე, დაიწყო პლასტიკური აგრო ბარათების დარიგება ლიბერთი ბანკის ფილიალებში - იმ რეგიონებში, სადაც სასოფლო–სამეურნეო ხვნის ბარათები ფერმერებს უკვე გადაეცათ. პლასტიკური აგრო ბარათების აღება ბენეფიციარებს ლიბერთი ბანკის ფილიალებში ექვსი თვის განმავლობაში შეეძლებათ. აგრო ბარათი ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს სასოფლო–სამეურნეო საქონლის მიმწოდებელ მაღაზიებთან. მათ შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების პროდუქტი (სასუქები, სათესლე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მაღაზიებში."მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“–ს ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო–სამეურნეო მიწის დამუშავება 17 თებერვალს დაიწყო.
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტი, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს.