"ამ დროისთვის არ არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელდეს" - შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი
გუშინ საღამოს ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანთან ახლოს, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
,,ცეცხლის ლოკალიზებისთვის შესაბამისი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. იმის მიუხედავად, რომ ხანძრის კერა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს, მაინც მოხერხდა და ამ დროისთვის, 10 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და შესაბამისი ჯგუფები უკვე შემთხვევის ადგილზეა და ცეცხლის ლოკალიზებისთვის ინტენსიურად გრძელდება ღონისძიებები, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობს ართულებს ქარიანი ამინდიც.
სპეცტექნიკის გარდა, ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი. შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურს დახმარებას უწევენ მეზობელი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებიც.
რაც შეეხება ცეცხლის გავრცელებას, ამ დროისთვის არ არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებული პუნქტის მიმართულებით გავრცელდეს, ასევე, ცეცხლი არ გავრცელებულა ტყის მასივის სხვა ფართობებზე“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანთან ახლოს, ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა, ცეცხლი გავრცელებულია ფოთლოვან ტყეში, დაახლოებით 10 ჰა. ფართობზე.
ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბი ფუნქციონირებას აგრძელებს.