შიდა ქართლის გუბერნატორი რეგიონში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, რა დროსაც ერთთვიანი მუშაობა შეაჯამა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და გუბერნატორმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან შეხვედრების პრიორიტეტზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი, რითაც საქმიანობა დაიწყო, სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრებია, ვინაიდან პირდაპირი კომუნიკაცია და საჭიროებების ადგილზე გაცნობა ხელს უწყობს პროექტების სწორად დაგეგმვას. ასევე, ისაუბრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონზე მორგებული პროექტების განხორციელებას. ხოჯევანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ,,დასრულდა შიდა ქართლის რეგიონის შესახებ საიმიჯო კლიპის გადაღებები, რომელსაც სულ მალე ერთად ვიხილავთ. ვიდეოში წარმოდგენილი იქნება მხარის უპირატესობები და ტურისტულად მიმზიდველი ადგილები. აქვე გეტყვით და რა თქმა უნდა, გიწვევთ, თვის ბოლოს, 30 სექტემბერს დაგეგმილ გორის დღეზე, რომლის ლოკაციაც წერეთლის ქუჩა იქნება. ამ ქუჩის გააქტიურების და მისი პოტენციალის ათვისების შესახებ წინა შეხვედრაზეც ვისაუბრეთ და ღონისძიების ამ ქუჩაზე აღნიშნვა სწორედ ამ მიზანს ემსახურება“ - აღნიშნა გუბერნატორმა.
აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა ერთი თვის წინ მოეწყო, სადაც გუბერნატორმა ჟურნალისტებს პერიოდული შეხვედრების შესახებ ინიციატივა გააცნო, რა დროსაც რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და გაწეულ საქმიანობას მათთან ერთად განიხილავს.