USAID-ის და NEO-ს ინიციატივით 88 სოციალურად დაუცველ მოსახლეს გადაეცა მოტობლოკები და მიწის დასამუშავებელი სხვა ინვენტარი
07 მარტი 2014
ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, სტივენ მ.ჰეიკინი, შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი თოთლაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
2013 წლის აპრილში USAID-ის პროექტმა ,,ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა’’ (NEO), არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას’’-თან ერთად, საქართველოს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, დაუცველი ოჯახებისათვის დაიწყო სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლიანი საქმიანობის პროგრამების მხარდაჭერა. NEO-ს ტექნიკური დახმარება მიზნად ისახავს დაუცველი ჯგუფების საარსებო სახსრების გაზრდას, შესაძლებლობების განვითარების სხვადასხვა საქმიანობით და არაფულადი გრანტების მეშვეობით. აღნიშნული მხარდაჭერა ხელს უწყობს დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, ბიზნეს უნარ-ჩვევების გაძლიერებას, და თანამედროვე მეთოდებისა და ტექნიკის გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესებას.
2013 წლის მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“-მ შიდა ქართლში, NEO-ს შერჩეულ თემებში, 142 დაუცველ ოჯახს გაუწია დახმარება, რაც მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის, მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროში შინამეურნეობების წარმოების მაჩვენებლის, სულ მცირე 15%-ით გაზრდას.