საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში ინოვაციური ცენტრის - ტექნოპარკის მშენებლობას იწყებს. ტექნოპარკის საპროექტო სივრცე და 200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯის მიმდინარე მშენებლობა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და რეგიონის ახალგაზრდებმა ერთად დაათვალიერეს, რა დროსაც უწყებების კოორდინირებული მუშაობის პროცესსა და შედეგებზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში აშენდება ორ-სართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები, სამუშაო სივრცე. ასევე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის თებერვლიდან დაიწყება. კასპის ტექნოპარკში, ისევე როგორც თბილისის ტექნოპარკში, ახალგაზრდებს ექნებათ წვდომა შემდეგ ტექნოლოგიებზე: 3D პრინტერებზე, სხვადასხვა დაზგებზე, ყველა იმ აღჭურვილობაზე, რომლითაც იქნება აღჭურვილი ტექნოპარკი. ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა, როგორც საგრანტო დაფინანსებაში მათი პროექტების განხორციელებისთვის, ასევე ექსპერტების ინფორმაციის და ცოდნის გაცვლაში. პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს დაეფუძნება. სასწავლებელი, ასევე, ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რასაც ხელს შეუწყობს იმავე ტერიტორიაზე განლაგებული ტექნოპარკი. ასევე კასპში, ახალ სასწავლო წელს გაიხსნა 650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული N1 საჯარო სკოლა. სკოლაში ფუნქციონირებს როგორც ბიბლიოთეკა, ასევე საბუნებისმეტყველო კლას–კაბინეტები, ექიმის ოთახი, სპორტული და სააქტო დარბაზი.
კასპში ტექნოპარკი და პროფესიული კოლეჯი შენდება
24 ოქტომბერი 2018