შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ადგილზე იმსჯელეს არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრისას გზის რეაბილიტაციისა და წყლის მიწოდების საკითხები გამოიკვეთა. ,,საოკუპაციო ხაზთან ერთად, ჩორჩანა მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონეა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვთ ისარგებლონ, ყველა იმ შეღავათით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მიმდინარე წელს ვგეგმავთ მოვაგვაროთ სასმელი წყლის საკითხი და მოვხრეშოთ გზები, ხოლო შემდეგი წლისთვის დავგეგმავთ გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება", - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.