გორში ახალი პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ დაიწყო. პროექტის მიზანს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა წარმოადგენს. პრეზენტაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ნუგზარ სამხარაძე და ამირან ქრისტესიაშვილი დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში, ზუგდიდსა და გორში დაფუძნდება ორი სამეწარმეო სკოლა, სადაც 80 ახალგაზრდა, ცოდნის მიღებასთან ერთად, სამეწარმეო უნარებს გამოიმუშავებს. ბიზნესიდეების დასახვეწად, ისინი მიიღებენ როგორც ინდივიდუალურ და საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციებს, ისე მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერას. შემუშავდება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სასწავლო პროგრამები, რის შედეგადაც 270 ახალგაზრდას შესაძლებლობა ექნება პროფესიას რეალურ სამუშაო გარემოში დაეუფლოს და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთოს. გარდა ამისა, პროექტში ჩართული ახალგაზრდები მიიღებენ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს და მიეცემათ დასაქმების შანსი. იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 100–მდე ახალგაზრდა, სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად, განათლების, დასაქმების და თვითდასაქმების ადვოკატირების პროცესში ჩაერთვება.
პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.